ჩინეთმა გამოაქვეყნა მისი „პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ“

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი „პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ“. ეს არ არის მოგვარების გეგმა კონკრეტული წინადადებებით, რასაც ჩინეთისგან ელოდნენ მიუნხენის კონფერენციაზე მისი წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, არამედ ზოგადი სიტყვების, მიმართვებისა და სურვილების სახით გამოხატული პოზიციაა.

12 პუნქტიდან პირველში ჩინეთი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართალი და ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი დაცული უნდა იყოს.

ეს პუნქტი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც უკრაინის მხარდაჭერა, რადგან საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მისი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის მიერ დაირღვა .

მეორე პარაგრაფში ჩინეთი „ცივი ომის მენტალიტეტის დაძლევის“ მოწოდებით გამოდის , რაც აშკარა რევერანსია რუსული რიტორიკის მიმართ, რომ დასავლეთი და ნატო მას უკრაინის მეშვეობით ემუქრებიან.

“ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვების უსაფრთხოების ხარჯზე. რეგიონის უსაფრთხოება არ უნდა მიიღწეოდეს სამხედრო ბლოკების გაძლიერებით ან გაფართოებით”, – ნათქვამია პუნქტში.

მესამე პარაგრაფში ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, არ “გააღვივონ ცეცხლი“ და დაეხმარონ უკრაინასა და რუსეთს დიალოგის რაც შეიძლება მალე განახლებაში.

მეოთხე პუნქტში პეკინი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შექმნას პირობები და პლატფორმები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

მეათე პუნქტი კვლავ შეიცავს თავდასხმას უკრაინის მოკავშირეებზე: პეკინი აცხადებს, რომ მიუღებლად მიიჩნევს „ცალმხრივ სანქციებს“, ანუ სანქციებს, რომლებიც არ არის დამტკიცებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

დანარჩენ პუნქტებში საუბარია  ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის აუცილებლობაზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების უფლებების პატივისცემაზე, ატომურ ელექტროსადგურების ცეცხლისგან დაცვის აუცილებლობაზე, მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტების შენარჩუნებაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში და „ ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე კონფლიქტის ზონებში“.