ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც 2 ბავშვი მე–15 სართულიდან გადმოაგდო

ჩინეთში ფართოდ განიხილება ბავშვების მკვლელობა, რომელიც 2020 წელს ჩონცინგში მოხდა.

ბავშვების მკვლელი მამაკაცი და ქალი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს ორი ბავშვის, ორი წლის გოგონასა და ერთი წლის ბიჭის  მე-15 სართულიდან გადაგდებაში.

სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ ბავშვების მამამ ჟანგ ბომ და მისმა მეუღლემ იე ჩენჩენმა 2020 წელს ბავშვები მოკლეს “უაღრესად ბოროტი განზრახვით” და  მოტივით და ეს გააკეთეს სასტიკი ფორმით.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ჟან ბოს ჰქონდა რომანი იე ჩენჩენთან და შემდგომში  მეუღლეს გაშორდა.

როგორც სასამართლოს განაჩენში ნათქვამი, იე ჩენჩენი მისი პარტნიორის შვილებს “დაბრკოლებად  თვლიდა ჟან ბოსთან  დაქორწინებისთვის და არასაჭირო ტვირთად მათი მომავალი ერთობლივი ცხოვრებისთვის”.

პროკურატურა თვლიდა, რომ იე ჩენჩენი მუდმივად ცდილობდა დაეყოლიებინა თავისი პარტნიორი მკვლელობის ჩადენაზე.

შედეგად, 2020 წლის 2 ნოემბერს ჟანგ ბომ ბავშვები თავისი ბინის ფანჯრიდან გადააგდო. წყვილი ცდილობდა მათი სიკვდილი უბედურ შემთხვევად წარმოეჩინა.

წყვილი  სიკვდილით   ოთხშაბათს ქალაქ ჩუნცინში დასაჯეს. კონკრეტულად როგორ აღსრულდა სასიკვდილო განაჩენი,ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ჩინეთი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს სიკვდილით სჯის, როგორც სასიკვდილო ინექციით, ასევე დახვრეტის გზით.

გარდაცვლილი ბავშვების დედამ, ჩენ მეილინმა, ხუთშაბათს საღამოს თქვა: “საშინელება, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ოჯახისთვის  წამება იყო, ბოლოს და ბოლოს გაქრა”.

სიკვდილით დასჯის შესახებ პოსტები გახდა მთავარი თემა ჩინურ სოციალურ მედიაში, ასობით მილიონი ნახვით Weibo-ზე, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე.

„ისინი ამას სრულიად იმსახურებენ“, დაწერა Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა და პოსტმა  30000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. “უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ბავშვებს ექნებათ მშვიდობა და სიხარული მომავალ ცხოვრებაში”, – წერს სხვა მომხმარებელი.

იე ჩენჩენისა და ჟან ბოს სიკვდილით დასჯის შესახებ განცხადება იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც ჩინეთში კიდევ ერთი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა – პრესტიჟული ჩინური უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ. იგი დამნაშავედ ცნეს საკუთარი დედის მკვლელობაში, რომელიც მან ჰანტელებით განახორციელა.