„საზოგადოებას რომ ესმოდეს, რეალურად, რა მოხდა ანაკლიის პორტთან მიმართებით – მაშინ, როდესაც ეს მართლაც საუკუნის პროექტი შედიოდა იმ ფაზაში, როდესაც უნდა დაწყებულიყო მშენებლობა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოთხოვნა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენებულიყო აშშ-ის თანამონაწილეობით, ეს დავალება უნდა შესრულებულიყო. დაიწყო პროექტის საბოტაჟი. დღეს, როდესაც რუსეთის ჯაშუშის ფარცხალაძის წინააღმდეგ ხელისუფლება არათუ არ ატარებს არავითარ ღონისძიებებს, არამედ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით ხელს უწყობს მას, რომ მშვიდად გაიტანოს საკუთარი ფინანსური აქტივები ამ ქვეყნიდან, დაიწყო სამართლებრივი დევნა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ და ყოველგვარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ყადაღა დაედო მათ ანგარიშებსა და ქონებას. ამ პირობებში, სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში, ცხადია, რომ პროექტს შეექმნა პრობლემები და თქვენ იცით, რომ დღეს მიმდინარეობს შესაბამისი დავა არბიტრაჟში. ამიტომ, არ მიკვირს, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არავის არ სურს ფულის ჩადება ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკურსში გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური განმცხადებელი. ის ხელისუფლება, რომელიც 2019 წელს ამბობდით, რომ 50 მილიონიანი გარანტიის გაცემა ანუ თეორიული ხარჯი 50 მილიონი იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ, რომ დახარჯოთ ამ პროექტში, ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულს, ცხადია – თქვენი ფული არ არის და ტარიელ ღარიბაშვილის ფული არ არის. მე მაინტერესებს 50 მილიონი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ, აღარ არის [სარისკო]?- სიმართლე მარტივია, ჩინელებთან კორუფციული გარიგება მარტივია და კორუფციისთვის ემზადებით. ეს პროექტი აშენდება თუ არა არ ვიცი იმიტომ, რომ იმდენჯერ მოვისმინეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, რომ მგონი, აქამდე კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი“,
ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე უსმენენ.