ჩინური ვაქცინა თუ ავტორიზაციას არ მიიღებს, აზერბაიჯანს ან თურქეთს ვაჩუქოთ – ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველოში ხვალ ჩამოვა, უნდა დასაწყობდეს, ვიდრე ის ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს.

მისივე აზრით, თუკი ავტორიზაციას ვერ მიიღებს, საქართველომ შესაძლებელია აზერბაიჯანს ან თურქეთს აჩუქოს, ვინც უკვე იყენებს ამ ვაქცინას.

“შემოვიტანოთ, დავასაწყობოთ, რომ არ იყოს წყვეტა, მაგრამ აუცილებელია დაველოდოთ, სანამ ჯანმოსგან მიიღებს ავტორიზაციას. თუ არ მიიღებს ამ ავტორიზაციას, იმის გამო რომ კითხვებია, მაშინ ვაჩუქოთ აზერბაიჯანს, ან თურქეთს. ბევრი რაღაც გაუკეთებია ჩვენთვის აზერბაიჯანს, ბევრი რაღაც გაუკეთებია თურქეთს და ეს იქნება ის ჟესტი… ამ შემთხვევაში ვირუსს ყველა ერთად ვებრძვით”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ჩინური ვაქცინის 100 ათას დოზას ხვალ მიიღებს.