ფასისა და შენახვის პირობების გარდა, ჩინური ვაქცინა არაფერ საიმედოს არ გვეუბნება – კალოიანი

ანესთეზოლოგი და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ჩინური ვაქცინა შენახვის პირობებისა და ფასის გარდა “არაფერ საიმედოს არ გვეუბნება”.

მისი თქმით, ამ ვაქცინების კვლევები ისეთ ქვეყნებში ტარდება, რომელიც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევა.

„დღევანდელი ინფორმაციით, ჩინური ვაქცინის საბოლოო ეფექტურობის უსაფრთხოება დადასტურებული არ არის. მას მესამე ფაზის კვლევები ჯერ არ გაუვლია.

გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარემ კიდე ერთხელ სთხოვა ჩინურ კომპანიას, რამენაირად მიეწოდებინა ინფორმაცია მათთვის, თუ რა ეტაპზეა კვლევები. ჩინური ვაქცინის კვლევები ჩატარებულია იმ ქვეყნებში, რომლებიც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან სამეცნიერო სამყაროში. ეს არის ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთი. ამასთანავე, ბრაზილიურმა კვლევამ ამ ვაქცინების 50%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ჯერ კიდევ არ გვაქვს საბოლოო შედეგი. თუ, რა თქმა უნდა, ავტორიტეტული ორგანიზაციები დაადასტურებენ მის ეფექტურობას და სანდოობას, როდესაც ჩინური კომპანია მიაწვდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და FDA-ს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ფიქრი. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. ჯერჯერობით ჩინური ვაქცინა არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა “,-აცხადებს კალოიანი ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ეფექტურობას და სანდოობას დადასტურების გარეშე საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანა გაუმართლებელია.

„ჩემი აზრით გაუმართლებელია. ოფიციალურმა პირებმაც საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ თქვეს, რომ ისინი არ აპირებენ „კოვაქს“ პლატფორმაზე დარეგისტრირების, ან ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნის გარეშე ამ ვაქცინების შემოტანას. იმედი გვაქვს არ მოგვატყუებენ“,-აცხადება კალიოანი.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ვაქცინების შესახეებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთბენ.

10 იანვარს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ისინი -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია. მანვე აღნიშნა, რომ ამ ვაქცინებისთვის ყველა რაიონში და პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები უნდა იყოს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს.

მისგან განსხვავებით, პაატა იმნაძემ თქვა, რომ საქართველოს 3 ქალაქში არის ასეთი მაცივრები და ქვეყანას 200 ათასი დოზა მსგავსი ვაქცინის მიღება შეუძლია.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი – ბრიტანულ  AstraZeneca-სა და ჩინურ ვაქცინაზე. ინფექციურის დირექტორი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინას მაღალი რეიტინგი აქვს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არამარტო ჩინურზე, არამედ “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.