ჩიხლაძე: “წვრილმანი ჟულიკები“ თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა მინაშვილმა

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ენმ-ს წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებებს ეხმიანება.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკოსი სხვა პოლიტიკოსზე, მითუმეტეს, პარტნიორები ვიყავით რამდენიმე დღის წინ, ასეთ შეფასებებს აკეთებს. “წვრილმანი ჟულიკები“ და ხულიგნები თავის პარტიაში მოიკითხოს ბატონმა აკაკი მინაშვილმა. ბატონ მინაშვილის გარდა მოლაპარაკებებზე ათი, თერთმეტი სხვა ადამიანი იყო და ყველა ერთხმად ამბობს იმას, რასაც გიორგი ვაშაძე და ჩვენც ვამბობთ”,– აცხადებს ჩიხლაძე.

მისი მტკიცებით, ნაციონალურ მოძრაობას ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი მოსაზრება და წინააღმდეგობა არ ჰქონია.

“ხელს თუ არ გვიწყობენ, ხელს მაინც ნუ შეგვიშლიან ნიკა მელია გათავისუფლებაში. ორი მექანიზმი არსებობს გირაო და ამნისტია. თუ ორივეზე უარს ამბობენ და არც ერთი არ მოსწონთ, მესამე თვითონ თქვან მაშინ, როგორ წარმოუდგენიათ, რომ ნიკა მელია გათავისუფლდება. თქვეს ეს მექანიზმი სადმე? არსად არ უთქვამთ, არ არსებობს სხვა მექანიზმი და ხელს ნუ შეგვიშლიან, ამას ბოლომდე მივიყვანთ”,– ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები უფრო მეტს აკეთებენ მელიას გასათავისუფლებლად, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა.