სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე არჩევნები გაყალბდა.
“ცალკეულ შემთხვევებში, რაც საარჩევნო უბნებზე მოხდა, არჩევნების ფალსიფიცირება და გაყალბება ჰქვია, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ვხედავ”,- თქვა ლომჯარიამ პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე განცხადებით, არჩევნების მთავარი პრობლემა ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები იყო, რის გამოც საზოგადოების პროტესტი სამართლებრივად დასაბუთებულია.
“საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებული სერიოზული დისბალანსი, შემაჯამებელ ოქმების გადასწორება და სხვა პრობლემები, ნამდვილად მასშტაბური იყო. მისულ ამომრჩეველთან შედარებით გადაჭარბებული ბიულეტენების რაოდენობა საარჩევნო უბნების 8%-ში გვხვდება, თუმცა როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამბობენ, ეს ერთი ტიპის დარღვევებია. არის სხვა ტიპის სერიოზული პრობლემები, როდესაც ხელმოწერების რაოდენობები არ ემთხვევა, როდესაც ოქმები თვითნებურად სწორდებოდა, რისი უფლებაც საარჩევნო კომისიის წევრებს არა აქვთ. იყო სხვა ტიპის დისბალანსიც. ამიტომ პროტესტი და მოთხოვნები, რაც საზოგადოებაში ისმის, არის სამართლიანი და სამართლებრივად დასაბუთებული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიების იმ წევრების მიმართ არსებობს, ვინც შემაჯამებელი ოქმები გააყალბეს.
რაც შეეხება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხს, ომბუდსმენის შეფასებით, მას, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირს, აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სისტემური თუ ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო.