ცალსახად აქციების გამოძახილია – ჯაფარიძე შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზე

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილის მოხსნასთან დაკავშირებით, აქციების გამოძახილია.

“ჩემი აზრით, ცალსახად აქციების გამოძახილია, ოღონდ არამხოლოდ შაბათს დაანონსებული აქციის, არამედ წინა შაბათს რომ აქცია იყო და იმის წინა შაბათსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქციები არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორსაც მე ვისურვებდი და როგორიც უფრო რეალურ სურათს აჩვენებდა, ისინი იყვნენ გულწრფელად გაბრაზებული ადამიანები. ამას ყურადღებას აქცევს ეს ხელისუფლებაც კი. პრინიციპული განსხვავებაა, როდესაც აქცია არის პარტაქტივით ორგანიზებული და როდესაც არიან გაბრაზებული და გამწარებული ადამიანები გამოსული და ითხოვენ სიცოცხლის უფლებას”,– ამბბოს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ხელისუფლებამ რეგულაციების ნაწილი მოხსნა. კერძოდ, 8 თებერვლიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა შაბათ–კვირისა, ხოლო 15 თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნების ღია სივრცეები და სკოლები.