უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ სამწუხაროა, ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი დახმარება “კონკრეტული კრიმინალების” გათავისუფლებას დაუკავშირონ.
მისი თქმით, კუბილიუსის განცხდებას განიხილავენ, როგორ მორიგ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში.
,,ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია. საქართველო არის კანონის უზენაესობის და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი”,- აცხადებს ბერაია.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად საქართველოს იმიჯის დაზიანებას ცდილობს, თუმცა ქართულ-ევროპული პარტნიორობა ძალიან მყარია.
,,ამას ჩვენ წლებია ძალიან დიდი ძალისხმევითა და მონდომებით ვაშენებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამბიციური დემოკრატიული დღის წესრიგი და მიუხედავად ყველანაირი წინააღმდდეგობისა, ჩვენ ამ ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს აუცილებლად განვახორციელებთ,“- განაცხადა ბერაიამ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოსთვის Covid19-თან დაკავშირებული კრიზისის შედეგების დაძლევის, ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმების საქმეში ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მრავალმილიონიანი დახმარება დაკავშირებულია საქართველოს მიერ უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის საარჩევნო სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობასთან.