ცდილობენ, ილია II-ს ჩრდილი მიაყენონ, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში ცდილობდნენ – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ “ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდში” ვიმყოფებით.

მან ქადაგებისას წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, უფალი ბოლო ჟამს დედამიწაზე მოავლენს.

„როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას.

ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვითისმშობელი და არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას, მრავალი ნიშანია და მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის გამრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როცა თვით რჩეულნიც, რჩეული ქრისტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. აი, ეს არის უკვე სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო მატულობს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.

მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძეს მე–19 საუკუნეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა საუკუნეში ანტიეროვნული და ანტიქრისტიანულ ფასეულობებთან ბრძოლაში. “აღიმართა ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ”,– ამბობს მეუფე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ მას ილია ერქვა და არც ის არის შემთხვევითი, რომ მე-20 საუკუნეში მოგვევლინა პატრიარქი, იგივე სახელით. მეუფე დანიელი ამბობს, რომ ბოროტი ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პატრიარქის ღვაწლს, ისევე როგორც ამას ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში აკეთებდნენ.

“ბოროტი ძალა ცდილობს, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ ამ ღვაწლს, ისევე როგორც ცდილობდნენ ილიასთვის ჩრდილი მიეყენებინათ და ეს არის ცნობილი ბოროტი ძალის იარაღი სიკეთის მიმართ ცილისწამება. აბსურდია ის ცილისწამებები, რომელიც იყო ილია მართალის წინააღმდეგ, ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან მისმა საქმეებმა ჩვენი ერი გამოიყვანა იმ სულიერი უძლურებიდან, რომელშიც იყო ჩვენი ქვეყანა მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და რომ ჩვენი ერი ფეხზე დადგა”,– თქვა მეუფე დანიელმა ქადაგებისას.