“ცენზურა უკვე ტენდენციად იქცა”- ივანიშვილის ადვოკატები უცხოურ მედიას აკრიტიკებენ

იურიდიული კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, ევროპულ მედიას კვლავ აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ სტატიებზე “ცენზურა ტენდენციად იქცა”. “ოცნების”დამფუძნებლის დამცველი იურიდიული ფირმის განცხადებით, მკითხველმა უნდა განსაჯოს, “ბანკის მოქმედებები, მოყოლებული 2022 წლის მარტიდან, შესაძლოა თუ არა იყოს კავშირში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, რომელზე მითითებაც თვითონ ბანკის ტრასტმა გააკეთა 2022 წლის მარტში იმის ასახსნელად, თუ რატომ უგვიანებდნენ ბატონ ივანიშვილს გადახდებს”.

“შეაფასეთ, არის თუ არა ლოგიკა იმ მსჯელობაში, რომ მენეჯმენტი ერთდროულად, ერთი მხრივ, აზიანებს ბანკის იმიჯს და, მეორე მხრივ, ფაქტობრივი სანქციებისა და პოლიტიკური შანტაჟის პირობებში ამყოფებს ბატონ ივანიშვილს? და ბოლოს, გვაქვს თუ არა უფლება, საჯაროდ ვიკითხოთ, თუ ვისი დავალებით მოქმედებს ბანკის მენეჯმენტი, როდესაც აღნიშნულს ახორციელებს?

აქვე აღნიშნავთ, რომ ბატონი ივანიშვილი მუდმივად ცდილობს საზოგადოება და მკითხველი ინფორმირებული ამყოფოს. მისი მედიასთან კომუნიკაცია ეფექტური და წარმატებულია, როდესაც იგი საუბრობს ბანკის მხრიდან დარღვევებზე და როდესაც მისი კრიტიკა მიმართულია ბანკისკენ. სიტუაცია განსხვავდება, როდესაც მისი აქცენტები არა ბანკს, არამედ მის მენეჯმენტს მიემართება. მიუხედავად იმისა, რომ მას რამდენჯერმე დაებლოკა მკითხველამდე მისასვლელი გზა, ის კვლავაც ცდილობს, საერთაშორისო მედიის მეშვეობით დაუკავშირდეს საზოგადოებას და წინამდებარე სტატიაც სწორედ ამ გზას გაივლის.

უნდა ითქვას ისიც, რომ ბანკის რეპუტაციული და ფინანსური ზიანი იმდენად დიდია, რომ, მიუხედავად მასთან დავაში ყოფნისა, ბატონი ივანიშვილი არ არის დაინტერესებული, დამატებითი კონტრიბუცია შეიტანოს ბანკის ნგრევის პროცესში და ბრმა იარაღად იყოს გამოყენებული მათ მიერ, ვისაც სწორედ მსგავსი ინტერესი ამოძრავებს.

რომ შევაჯამოთ, მკითხველმა უნდა სწორად შეაფასოს ის დინამიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2022 წლის მარტის ბერმუდას სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, მაის-ივლისის უსაფუძვლო მოთხოვნებითა და გადაანგარიშებებით გაგრძელებული, ევროპარლამენტის რეზოლუციის მოშველიებით საკითხის გადადებით, სასამართლოზე მითითებით გაგრძელებული, სააპელაციო სასამართლოში წარმოთქმული დაუშვებელი ახალი არგუმენტითა და მასზე დაყრდნობით, კლიენტის ადვოკატების დასტურის დაჟინებული მოთხოვნით დაგვირგვინებული და ეს ყველაფერი თანხაზე, რომელიც ჯამური აქტივების 1% თუ არის. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით კი უნდა გაეცეს პასუხი სტატიის მთავარ კითხვას: ვისი დაკვეთითა და დავალებით მოქმედებს „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს სრულად მკითხველს და მის ანალიტიკურ უნარებს მივანდობთ.

ამ ფონზე, ობიექტურად ჩნდება შემდეგი მთავარი შეკითხვები:

ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა? ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა? ვინ არის ის ძალა, რომელმაც, ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმენტს ბატონი ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს? ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონი ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზების, აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება? ვინ არის ის ძალა, ვინც ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება? დაე, მკითხველმა შეაფასოს, არის თუ არა ეს ყოველივე ერთი ცენტრიდან მართული” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმის პრესრელიზში.