ცერცვაძე: თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს COVID-19 გადატანილი აქვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს.

მისივე თქმით, 23%-მა არ იცოდა, რომ კორონავირუსი გადაიტანა.

“თბილისში სულ 859 000 ზრდასრული მოსახლეა, აქედან 105 000-ს ჰქონდა გადატანილი ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი, ანუ, იცოდა, რომ მას კოვიდი ჰქონდა, ესაა დაახლოებით 11%.

205 000 ადამიანს, რაც, დაახლოებით, 23%-ს წარმოადგენს, ჩვენ აღმოვუჩინეთ ანტისხეულები, ანუ მათ გადატანილი ჰქონდათ კოვიდი და არ იცოდნენ. ჩვენ გამოვიკვლიეთ 1 000 ადამიანი, მივიღეთ პროცენტი და შემდეგ ეს პროცენტი გავავრცეთ ქალაქის მოსახლეობაზე, ასეთია კვლევის წესი.

ჯამში გამოვიდა, რომ 300 000-ზე ცოტა მეტ მოქალაქეს კოვიდი გადატანილი აქვს, მათგან ზოგმა იცის, ზოგმა – არა. ჯამში, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს, ანუ 1/3-ს გადატანილი აქვს კოვიდი და შესაბამისად, აქვს იმუნიტეტიც, ოღონდ ყველას არა. ცნობილია, რომ ყველა გადატანილი კოვიდი არ ტოვებს იმუნიტეტს, მაგრამ, მათ მეტ ნაწილს მაინც აქვს იმუნიტეტი”,– თქვა ცერცვაძემ იმედის ეთერში.