ცერცვაძე: სერიოზული საფრთხეა – მასობრივი ვაქცინაცია, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ორ ფაქტორს ასახელებს, რის გამოც დღევანდელი ეპიდვითარება “სერიოზული საფრთხის ქვეშაა.”

მისი თქმით, ფაქტობრივად, მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება, ხალხი კი რეგულაციების აღარ ასრულებს.

„საქართველომ აქამდე მოახერხა შედარებით უკეთესი მაჩვენებლებით მოსვლა, ეს ეხება შემთხვევების სტაბილურ რაოდენობას, რომელიც გამონაკლისის გარდა 400-ზე მეტი არ არის. ასევე გვაქვს გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი, რომელიც დიდი ხანია 10-ს არ გადასცილებია. მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სერიოზული საფრთხის წინ ვდგავართ რამდენიმე მიზეზის გამო.

ორი ძირითადი ფაქტორია – პირველი ის, რომ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და კიდევ უწყვეტად შემოვა, უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინის მიმართ და უდიდესი სკეპტიციზმი. ფაქტობრივად მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადის ტარებაზე. 70% იყო პირბადის ტარების მაჩვენებელი, ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშო ნიშანია“,- განაცხადა ცერცვაძემ ბრიფინგზე.