ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა, მსოფლიოში კი არა.
მისი თქმით, მსოფლიოში უკვე საუბარია მესამე ტალღაზე და ძალიან შეშფოთებულია მთელი ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა.
„სტაბილიზაციის ნიშნები საქართველოში შეიმჩნევა, მსოფლიოში – არა, სადაც შემთხვევების პიკური და პერიოდულად, რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. საბედნიეროდ, საქართველოში ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ევროპაში. ჩვენთან პიკი იყო ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, როდესაც დღეში ფიქსირდებოდა 4-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა. დაახლოებით ათი დღის განმავლობაში საქართველო იყო ლიდერი ერთ დღეში ახალი შემთხვევებით, თუ გადავიანგარიშებთ ერთ მილიონ მოსახლეზე.
მიღებული ზომების შედეგად მოხერხდა შემთხვევების შემცირება და დღეს არის უკვე 2 ათასამდე, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. პიკის დროს 10-11 ათასი ტესტი კეთდებოდა, ახლა – 17, 20 ათასი ტესტი. ტესტირების შემცირების შედეგი კი არ არის რაოდენობის დაწევა, რეალური შემცირებაა.
ახალი წლის კლასტერს ავცდით. 24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით. ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რომ არა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 456 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა