ცესკომ უბნების 8%-ში, სადაც ბიულეტენების მეტობა იყო, ხმები თავიდან უნდა დაითვალოს – ISFED

სამართლიანი არჩევნების ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები დაფიქსირდა. ISFED–ის განცხადებით, ასეთი უბნები ცესკომ თავიდან უნდა დაითვალოს.

“სამართლიანი არჩევნების PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის
საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.

ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან”,– აცხადებს სამართლიანი არჩევნები.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგებიც გამოაქვეყნა, სადაც ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%..