ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არა პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს – ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მტკიცებით, ცესკო ხალხს ემსახურება და არა პოლიტიკურ სუბიექტებს.

“არასერიოზულია შეფასებები, თითქოს გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის, იქნება ეს საოლქო თუ საუბნო, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს არ მოემსახურება”,– თქვა ჟვანიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც ახლა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, სხვა არჩევნებზეც ასე იქცეოდნენ.

“ცესკო დათვლის შედეგებს ზუსტად, ზუსტად ისევე, როგორც ითვლიდა. მე მახსენდება წინა არჩევნები, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებდნენ არჩევნების შედეგების თითქოსდა შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი შედეგი იყო ერთი-ერთში ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი და არასამთავრობო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები წლებია, ერთ-ერთში ემთხვევა ცესკოს შედეგებს”,– აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.