ცესკო, როგორც „ოცნების” ყურმოჭრილი დანამატი, არ გვანიჭებს საარჩევნო ნომერს – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც “ქართული ოცნების ყურმოჭრილი დანამატია”, არ ანიჭებთ დროულად საარჩევნო ნომერს.

“ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს სრულფასოვანი და ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვაში”,- ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, პარტიამ ცესკო-ში განცხადება რიგითი ნომრის მონიჭების თაობაზე ერთი თვის წინ შეიტანა.

„ცესკო ფეხს ითრევს ერთი თვის განმავლობაში, როცა შეეძლო ჩვენი განცხადების შეტანიდან მეორე დღესვე – 12 აგვისტოს, ჩაეტარებინა წილისყრა და მოენიჭებინა საარჩევნო ნომერი, მაგრამ ის მაქსიმალურად ფეხს ითრევს და არღვევს კანონს, ვინაიდან ათი დღის განმავლობაში განცხადებაზეც კი არ გაგვცა პასუხი. ეს არის წვრილმანი ვირეშმაკობა ჩვენთვის ხელისშესაშლელად, რომ ვერ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია. კატეგორიულად მოვითხოვთ ცესკო-სგან დაუყოვნებლივ ჩატარდეს წილისყრა და ჩვენს პარტიას „მოქალაქეები” მოგვენიჭოს საარჩევნო ნომერი”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.