ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა – შსს მუხიანზე

მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გარდაცვლილი მამაკაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დაკავებულმა, 1984 წელს დაბადებული ე.ა.-მ 64 წლის კაცს ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.