გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ პოლიტპატიმრები აქამდე ციხიდან გამოვიდოდნენ, თუმცა მოქალაქეების და გირჩის “გვერდითმა მოძრაობებმა” ოპოზიცია დაასუსტა.
ხვიჩიას განცხადებით, “ცილისწამებები არ გასდის”, ამიტომ უგულავას “ასახსნელი აქვს”.
,,ბატონი უგულავა ციხეში ნაჯდომი კაცია და მე მგონი, ის უნდა ესმოდეს, რომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ადამიანები სიტყვებზე აგებენ პასუხს. მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ასეთი ცილისწამებები არ გამდის, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს ასახსნელი აქვს, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის”,– ამბობს ხვიჩია.
მისივე მტკიცებით, ის ხალხი, ვინც კონსტრუქციულია, მოლაპარაკებებში უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, ვიდრე დესტრუქციული პოლიტიკოსები.
“მგონია, რომ მე ვარ ნამდვილი მებრძოლი იმ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად. ის ხალხი, რომელიც კონსტრუქციულია მოლაპარკაებებში, უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, თუ ის ხალხი რომლის ქმედებებიც არის დესტრუქციული და ჩაშლისკენ არის მოტივირებული? ვიცით, რომ პოლიტპატიმრები გამოვლენ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყველა მომხრეა, რომ შეთანხმების პირველი პუნქტი იყოს პოლიტპატიმრების გამოშვება. მე უფრო მიდრეკილი ვარ შეთანხმებისკენ, უგულავა ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ შეთანხმების არშედგომის შემთხვევაში ის ხალხი იჯდება ციხეში. როდესაც ყველას სიტყვაზე პასუხი მოეთხოვება, ქართული პოლიტიკა გაკეთილშობილდება უფრო მეტად ვიდრე დღეს“, – თქვა იაგო ხვიჩიამ პალიტრანიუსის ეთერში.