ციმბირში ასზე მეტი სახლი დაიწვა

ანომალური სიცხის გამო ციმბირში ტყის ხანძრები მძინვარებს. ერთ დღეში ცეცხლმა კემეროვოს და ნოვოსიბირსკის ოლქების ცხრა მუნიციპალიტეტში 140 შენობა გაანადგურა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები. ასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაწვა ტაიგის ათასობით ჰექტარი. მხოლოდ სოფელ პოსტნიკოვოში ცეცხლი მოედო 22 სახლს.

წინასწარი მონაცემებით ხანძრის შედეგად გარდაცვლილები არ არიან. ხანძრის ლიკვიდაციაში 120 ერთეული ტექნიკა და 430–ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, პროცესში მონაწილეობდა ავიაციაც. ამ დროისთვის ნოვოსიბირსკის ოლქში ბუნებრივი ხანძრის კერები ლიკვიდირებულია.

ციმბირში 30 გრადუსი სიცხეა. ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს, რომლის სიჩქარე წამში 20 მეტრია. ბაიკალის მხარეში ცეცხლი უკიდია რამდენიმე ასეულ ჰექტარ ტყეს. რეგიონის ტყეებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.