სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ჭიათურაში მაღაროელების პროტესტს გამოეხმაურა და პარლამენტის დეპუტატები გააკრიტიკა.
“გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები, ცინდრიკი იყო ამ სხდომებზე. თქვენ შეიძლება კარგად ხართ, იმიტომ რომ უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია. ხალხს იმის გამო რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველ დღე. პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამის ხალხს, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს. პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა წილებში ჩაუჯდეს უზარმაზარ კომპანიებს”,– თქვა ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ უმრავლესობას არ აინტერესებს ჭიათურაში პირამოკერილი მუშები.
“დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიაქციოთ ყურადღება, მივმართავ პრემიერმინისტრს, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე, შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ეს ფაქტი. კაპიკებსაც არ აძლევთ ამ ადამიანებს ისე ენგრევათ თავზე სახლი”,– თქვა მან.