“ცინიკურად, მსჯელობას MEGOBARI აქტი დაარქვეს, მოსისხლე მტრებივით მოგვექცნენ” – ასე ეხმაურება, ივანიშვილის დეპუტატების მოძრაობა ხალხის ძალა კონგრესში MEGOBARI აქტის გუშინდელ მოსმენას.
“გუშინ, ამერიკის კონგრესში, უსამშობლო “ქართველების” მონაწილეობით მოწყობილმა სიბოროტით და რევანშიზმით აღსავსე კლოუნადამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე მკაფიოდ ახადა ფარდა საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ცხოველურ ინტერესებს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ნებისმიერი ფორმით მოიშორონ და მმართველობაში მათი აგენტურა დააბრუნონ. ნათლად გამოჩნდა, რომ გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ.
ცინიკურად, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის დასაცინად, საქართველოზე მსჯელობას “მეგობარი აქტი” დაარქვეს და როგორც მოსისხლე მტრებს, ისე მოგვექცნენ. ყველაზე ტრაგიკული ამ ამბავში კი ის იყო, რომ მოწმეებად ორი უსამშობლო, გვარით ქართველი, აზროვნებით და ცნობიერებით კი მანქურთი საბანაძე და ჩხიკვაძე დაისვეს წინ და ფორმალურ, მაგრამ მაინც საკუთარ ქვეყანაზე ათასგვარი სისაძაგლე და ბოროტება ალაპარაკეს. აქვე შეგახსენებთ, ეს ის ვანო ჩხიკვაძეა სოროსის ფონდიდან, რომელმაც ევროგაერთიანებას მოუწოდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, რადგან თურმე არ ვიმსახურებდით და პირველ ჯერზე ასეც მოხდა – უკრაინასა და მოლდოვაზე ათი თავით წინ მყოფი ჩვენი ქვეყანა დასაჯეს და მხოლოდ პერსპექტივას დაგვაჯერეს” – წერია ხალხის ძალის განცხადებაში.