ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია – პოდოლიაკი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე

“ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

„ადგილი აქვს სიზუსტით დაგეგმილ თავდასხმას კოლონიაზე, რომელიც განახორციელა რუსულმა ჯარმა. ელენოვკაში არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნე უკრაინული ჯარისთვის. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა ინსტრუმენტი ობიექტების ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რომელთა განადგურებაც უნდა მოხდეს – საბრძოლო მასალების საწყობების, ოპერატიულ- ტაქტიკური შტაბების, საწვავის ბაზების“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსი პროპაგანდისტების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის მასშტაბი და სიჩქარე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო სწორედაც რომ დაგეგმილი და დაორგანიზებული აქცია.

„ჩვენ ვიცით, რომ ტყვეების ნაწილი დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ბარაკებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.