ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ ე.წ. შავი სამყარო – ნადირაშვილი ომბუდსმენის განცხადებაზე

“ომბუდსმენის განცხადებამ დაადასტურა, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ ე.წ. შავი სამყარო”-  ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის თქმით, სახალხო დამცველის განცხადება ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ადასტურებს იმას, რაც ისედაც ყველასთვის ნათელი იყო ციხეს მართავს ე.წ. შავი სამყარო.

“სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ციხეს მართავს არა მისი ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. ის, რომ კრიმინალი ქვეყანაში არის გაზრდილი, ეს თავისთავად გამომდინარეობს და დაკავშირებულია ციხეში შავი სამყაროს მმართველობასთან და ამაში, მე მგონი, არც არაფერი არ არის გასაკვირი. ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია ვალშია ამ კრიმინალთან და ცხადია, მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა. სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობის პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ფაქტები გვაქვს ნანახი, როდესაც თეა წულუკიანმა პირდაპირ, ყოველგვარი კანონის დარღვევით მათი ჩანაწერები და შეხვედრების ვიდეოები გამოაქვეყნა პატიმრებთან. შესაბამისად, ახალი არაფერი არ არის სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებაში. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი”, –  განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ 2021 წლის 13 იანვარს გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი დაემუქრა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა.