საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის საქმეზე მისმა მეუღლემ ჩვენება არ მისცა, რის შემდეგაც სასამართლომ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
“მოცემულ საქმეზე, 2020 წლის 26 ივნისს არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით დაბარებულ იქნა დაზარალებული მ.ბ, რომელმაც გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. დაზარალებულის პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულ დ.ც.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გაუქმების შესახებ და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება – გირაოს გამოყენების თაობაზე, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 30000 ლარის ოდენობით”,– აცხადებს პროკურატურა.
„პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე დ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 2020 წლის 29 აპრილს წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 30 აპრილს შეუფარდა.