ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წლის განმავლობაში ქორწინებაში იყო, კორონავირუსით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა.
90 წლის ბილ დარტნელი და მისი ცოლი, 81 წლის მერი დარტნელი საუთჰემპტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. პირველად საავადმყოფოში მერი გადაიყვანეს და მას კორონავირუსი დაუდგინეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბილ დარტნელმა ინსულტი გადაიტანა და კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მასაც Covid-19 დაუდასტურდა.
მერი დარტნელი აღდგომის კვირას გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ, ბილმა უარი თქვა ჟანგბადის აპარატზე და ცოლის სიკვდილიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
მათი შვილის, როზმერის თქმით მამამისს ცოლის გარეშე არ უნდოდა სიცოცხლე.
“ისინი ერთი გუნდი იყვნენ. ცხოვრება არ იყო მათთვის ყოველთვის კარგი, მაგრამ ყველაფერი ერთად გაიარეს და ერთადაც დაგვტოვეს.
საშინელებაა, როდესაც მშობლებს კარგავ. თუმცა, იყო მათგან განცალკევებული და ცხოვრების ბოლო წუთების განმავლობაში მათი ხელების დაჭერა არ შეგეძლოს, ასევე ძალიან ძნელია”, – თქვა როზმერიმ BBC-სთან.
მისივე თქმით, მისი მშობლები შრომისმოყვარეები იყვნენ და ყოველთვის განსხვავებულად აკეთებდნენ საქმეს.
,,ისინი საკმაოდ განსაკუთრებული ხალხი იყვნენ. მთელი ცხოვრება ძალიან შრომობდნენ და ცხოვრებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით იყვნენ”, – აღნიშნა როზმერიმ.