“ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით” – ლაშა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ შვეიცარიაშია

“ქართული ოცნების” ყოფილი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი “მთავარ არხთან” ადასტურებს, რომ მართლაც შვეიცარიაშია. მთავარმა არხმა ის მას შემდენ ჩაწერა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა და უცნობია, დაბრუნდება თუ არა საქართველოში.

გავრცელებული ინფორმაციით ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, იგი მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით და ხელისუფლების აფეთქებით დაემუქრა.

მთავარ არხთან საუბრისას ნაცვილიშვილი შვეიცარიაში წასვლის  მიზეზად ოჯახის მონატრებას ასახელებს.

“არც გიპასუხებდით ამ სისულელეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ არ მოატყუოთ ხალხი, გეტყვით: ვინაიდან 4 წელი არ დამისვენია წამოვედით ჟენევაში ორი წლის უნახავი და მონატრებული შვილისა და შვილიშვილის სანახავად. ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით… მედიაში ვრცელდებაო მწერთ, მედიაში არაფერი არ ვრცელდება – თქვენივე პარტიის გარე სპიკერებს ავრცელებინებთ ამ სისულელეს, მერე თქვენვე ანიუსებთ და მერე საკუთარ ფეიკზე კომენტარს ითხოვთ. მეთოდები დაგიძველდათ… რაც შეეხება ხელშეუხებლობას, ჩემი შენ გითხარიო – სწორედ თქვენი კრიმინალი ლიდერები ითხოვენ ხელშეუხებლობას, ოღონდ ამას ამჯერად მართლმსაჯულების რეფორმას არქმევენ. და ბოლოს არ დაიღალეთ? – ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.