“ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება“–ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს, რომელმაც  საქართველოს სტატისტიკას კორონავირუსთან დაკავშირებით ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ საქართველოდან  სომხეთში ჩასულ არაერთ პირს დაუდგინდა ინფექცია. შესაბამისად, არსენ ტოროსიანი ვარაუდობს, რომ საქართველოში ბევრად მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები ასახავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ტოროსიანმა მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, საქართველოს დაავადებული მოქალაქეების შესახებ საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა ეცნობებინათ.

“ჯერ დასადასტურებელია, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი განცხადება, იმიტომ, რომ მე ვიცნობ პირადად ბატონ არსენ ტოროსიანს და ცოტა მიკვირს მისგან თუ ეს განცხადება ამ რაკურსით გაკეთდა. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ახლო ერები ვართ, მეზობლები, დიდი ხნის ისტორია გვაქვს და ცოტა მეუცხოვა მისგან ამ ტიპის არადიპლომატიური განცხადება, იმიტომ რომ თუ ასეთი შემთხვევები იყო, რომ აქედან ჩასულ მძღოლს თუ კიდევ სხვას, დაუდგინდა ინფექცია, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ჩვენც და სომხეთიც ვართ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კონვენციის ხელმომწერები,” – განაცხადა გამყრელიძემ ღამის კურიერში.