ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში უტარდება. ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს.
გამსახურდია აღნიშნავს, ცოტნეს მკურნალობის პროცესში მათ ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობა დაეხმარა, რისთვისაც მადლობას უხდის.
“ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“,- წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის, 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.