ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში კარანტინი გამოცხადდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუფიქსირდა. მათი მტკიცებით, ძროხა ტურამ დაგლიჯა, რის შედეგადაც ცხოველები დაინფიცირდნენ და დაიღუპნენ.
სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის პერიოდი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება და ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.
ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ აღწერა მოხდება და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დახმარება გაეწევათ.
“მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოხდა. უწყებამ გამოსცა ბრძანება, რომლის საშუალებითაც დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ჯიხანჯური საკარანტინე ზონად გამოცხადდა. ასევე, მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს აღნიშნულ სოფელში მოსახლეობის ინფორმირებას. დამატებით ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ვაქცინაციას, რაშიც დახმარების სახით ჩართულია მერია”, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.