მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი არჩევნებზე ხმებს რომ ვერ იღებს, აბრალებს იმას, რომ “მიშა არ გაიწია”. საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ ესმის, “საიდან გაიწიოს”.
“საიდან გავიწიო, ცხოვრებიდან გავიწიოთ, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო, როგორ უნდა გავწიოთ? უკაცრავად, ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოვუგებ ჩემი მკვდარი სახელით არჩევნებს. ხომ ვიცით, რომ ეგრეა?”,– ამბობს სააკაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, როგორც კი საქართველოს ქუჩებში გაივლის, მისი მხარდაჭერა 70–75% იქნება, ქართული ოცნების კი – 5%.
“ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. 24 საათის განმავლობაში ყოველგვარი დაცვის გარეშე გამიშვით საქართველოს ქუჩებში. მივცეთ ხალხს, რომელსაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, მე ისე ვეზიზღები, რომ ჩემი ეშინიათ, საშუალება თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი. რატომ არ უშვებენ ამას? იმაში ხომ არ არის საქმე, რომ, როგორც კი ფეხს დავადგამ ქართულ მიწაზე, აღმოჩნდება, რომ მათი [ქართული ოცნების] მხარდაჭერა არის 5% და ჩემი მხარდაჭერა არის, ასე ვთქვათ, 70-75%”,– აღნიშნა სააკაშვილმა.