ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, სუნთქვას გავაგრძელებთ, კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ ბზარებს გავუჩენთ და ჩამოვანგრევთ“ – დავით ხომერიკის წერილი ციხიდან

“ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, ჩვენ სუნთქვას მაინც გავაგრძელებთ და ამ კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ კედლებს ბზარებს გავუჩენთ და მათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ“  – ამის შესახებ სინდისის პატიმარი, 26 წლის მუსიკოსი, დავით ხომერიკი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

„მინდა, ყველა იმ ადამიანის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა და სოლიდარობა, ვისაც სისტემა და სასამართლო უსამართლოდ მოექცა და მათ მხენობა და გამძლეობა ვუსურვო.
დღევანდელობა ძალიან მძაფრი და ქაოტურია. ის, რაც გარეთ და ამ შენობაში ხდება, სრული სიგიჟეა და არავის ეგონოს, რომ ეს ქვეყნის ჯანმრთელობაზე არ გადატყდება. მე პირადად, არავის არაფერს მოვუწოდებ, რადგან ეს არ არის მარტივი გზა. ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ყველამ საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და იქ ვეძებოთ სწორი პასუხები. პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისმება. ბევრნაირი სიმართლე არსებობს და სიმართლეების მრავალფეროვნებით, შესაძლოა, ბევრჯერაც მოვტყუვდეთ, მაგრამ არსებობს ერთი უკვდავი ჭეშმარიტება, რომელსაც სინათლემდე მივყავართ. ეს კი უფალი და მისი მცნებებია.
მე არ მაქვს საუბარი წარსულზე, მე ახლა აწმყოსა და მომავალზე გესაუბრებით, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენია. მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე და არაფრის დათმობას არ ვაპირებ, ამ ბოროტების სასიკეთოდ! ცოცხლადაც რომ დაგვმარხოთ, ჩვენ სუნთქვას მაინც გავაგრძელებთ და ამ კედლებში იმდენად ღრმად გავიდგამთ ფესვებს, რომ კედლებს ბზარებს გავუჩენთ და მათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ“