ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზენტაციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს ვიდეო ჩართვით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა რა დროსაც მან ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.
„ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვერ წარმოიდგენთ როგორ მადგება ცრემლები, გიყურებთ, როდესაც ვუყურებ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს ბათუმს, ჩემი, ლევან ვარშალომიძის და თითოეული თქვენგანის ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიღწევას, როცა ვუყურებ იმ აღმშენებლობას, რომელიც ჰქონდა საქართველოს და განაცვიფრა მთელი მსოფლიო. მე მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, შემოვლილი მაქვს მთელი შავი ზღვისპირეთი, ვმართავდი შავი ზღვისპირეთს მეორე მხარეს, ოდესის ოლქს და ძალიან ბევრ სხვა ადგილას ვარ ნამყოფი და არაფერი არ არის ბათუმის ტოლი. არავის არ გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, არავის არ მიუღწევია ასეთი წარმატებისთვის, როგორც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. მე ძალიან ვამაყობ თქვენით, რომ ერთ მუშტად ხართ შეკრული. ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების დრო, ბევრი ჩვენი ადამიანის გამო, რომელიც დაგვაკლდა დღეს, რომელიც დაიჩაგრა, რომელმაც ყველაფერი გასწირა იმისათვის, რომ საქართველო დამდგარიყო ისევ ფეხზე. ჩვენ დღეს არ გვაქვს უფლება ბრძოლის შეჩერების, ბრძოლის დამთავრება არის სულ ახლოს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მიწოლა, ცოტა კიდევ გაძლება, ცოტა მეტი ერთიანობა, ცოტა მეტი შეტევითობა და სულ რამდენიმე დღეში საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან.“,-განაცხადა სააკაშვილმა.