ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის შეზღუდვებს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ აქვთ, რადგან რეგიონი რამდენიმე თვეა იზოლირებულია, ასეთმა მიდგომამ კი 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

,,იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა საუბედუროდ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რეჟიმის ამგვარმა მიდგომებმა, რომლებიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება, სრულიად უკანონოა, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უფლებების უხეში შელახვა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, ხელი არ შეუშალონ ადამიანებს გადაადგილებაში, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ოკუპირებული ახალგორი 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა. მიზეზად სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ საგუშაგო-საპოლიციო პუნქტის აგება დაასახელა.