არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში ხარჯავს, 20% ადმინისტრაციულ და ბიუროკრატულ ხარჯებზე, ცხოველების მოვლა-შენახვაზე კი ხშირად 10%-ზე ნაკლებს.
2017 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი 3 158 300 ლარს შეადგენდა, აქედან ხელფასებზე გაცემული თანხა 2 203 957 ლარი იყო, პრემიებზე 134 610 ლარი გაიცა, ხოლო დანამატებმა 82 440 ლარი შეადგინა.
2018 წელს სააგენტოს ბიუჯეტი 3 325 300 ლარი იყო, ხელფასებში კი კვლავ თანხის უმეტესობა – 2 139 497 ლარი დაიხარჯა.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2019 წელს გაიზარდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსებაც და თანამდებობრივ სარგოებში გაცემული თანხაც, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების რაოდენობა 2018 წლის რაოდენობის იდენტურს – 125 ადამიანს შეადგენდა.
2019 წლის ბიუჯეტმა 3 411 500 ლარი შეადგინა, ხოლო ხელფასებში დახარჯულმ თანხამ 2 146 126 ლარი. დირექტომა ვახტანგ ლომჯარიამ ხელფასის სახით 67,200 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 5,600 ლარი).
“2020 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსება 4 მილიონს აჭარბებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომატებული ბიუჯეტი ცხოველთა მოვლა-შენახავში იხარჯება. 1 იანვირდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, ე.ი. 9 თვის განმავლობაში უკვე გაცემულია 1 603 399 ლარის ოდენობის ხელფასები, აქედან ვახტანგ ლომჯარიას 42 280 ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის ორივე მოადგილეს 40 500 – 40 500 ლარი”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.