პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, შესაძლოა, „გირჩი“ პარლამენტში შესასვლელად კომპრომისულ ვარიანტებს ეძებდეს.
ამით ძაბირაძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში გადახედავდა, თუ მმართველი გუნდი მართლმსაჯულების რეფორმას განახორციელებდა.
ძაბირაძის შეფასებით, ეს სწორი მიდგომაა, რადგან ამ ეტაპზე ოპოზიციის მიერ წამოყენებული „ულტიმატუმი ძალიან წამგებიანია“.
„მართლმსაჯულების რეფორმა დაკავშირებულია არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან, იმიტომ, რომ საბოლოო სიტყვა მაინც სასამართლოს ეკუთვნის და სასამართლოში საჩივრდება სწორედ ეს ოქმები. ეს სწორი მიდგომაა და პირდაპირ ეხება სწორედ ამ თემებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციამ თავიდანვე კატეგორიულად დასვა საკითხი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, რა თქმა უნდა, „გირჩის“ წინადადება გარკვეული მანევრი შეიძლება იყოს გამოსავლის ძებნის თვალსაზირისით. ოპოზიციის ულტიმატუმი, დღევანდელ ეტაპზე ძალიან წამგებიანია ოპოზიციისთვის. შესაძლოა, „გირჩი“ ეძებდეს გამოსავალს. კომპრომისის საგანი შეიძლება იყოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და რა თქმა უნდა, „გირჩმა“ დამატებით შემოიტანა კიდევ სასამართლო რეფორმა. ეს არის საკითხები, რომლებიც „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, რომ ამ თემებზე შეთანხმდნენ და საშუალებას აძლევს ოპოზიციასაც, რომ ჩიხიდან გამოვიდნენ. სხვაგვარად, ოპოზიცია აბსოლუტურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. შესაძლოა, ეს ჩაითვალოს კომპრომისული ვარიანტების გზების ძებნად. სასამართლო სისტემის რეფორმირებას მხარს უჭერს მთელი ოპოზიციური სპექტრი. ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, ალბათ ყველა არ შევა პარლამენტში, მაგრამ პარტიების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის, “გირჩი”, შესაძლოა აღმოჩნდეს პარლამენტში“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ოპოზიციის მიერ წამოყენებულ „ულტიმატუმს“ არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, არ დათანხმდება.
„ხელისუფლება რომ დაითანხმოს ოპოზიციამ, ამისათვის მარტო ოპოზიციის სურვილი და ნება საკმარისი არ არის. ამას გარკვეულწილად სჭირდება დასავლეთის ეფექტური მხარდაჭერა. საქართველოში ხელისუფლებები სხვანაირად არ იცვლება სამწუხაროდ, რეალობაა ასეთი. დღეს მთელი დასავლეთი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიცია თუ გაჯიქდება და დარჩება ქუჩაში, დარჩეს ქუჩაში“, – განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების საკითხი, რომ დაეწყო “ქართულ ოცნებას” ისე, როგორც ოპოზიცია შეთანხმდა – “გირჩი” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდოდა პარლამენტში. მისივე თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიციასთან მოხდა შეთანხმება ნიშნავს არჩევით მოსამართლეებს, პოლიციის უფროსებს. ასევე, ამ რეფორმით, პროკურორს უნდა ირჩევდეს დაზარალებული, გაუქმდეს სუს-ი და მისი ფუნქციები გადანაწილდეს სხვა უწყებებზე.