ძალადობა დანაშაულია და უფრო ამაზრზენია, თუ ის ბავშვის თვალწინ ხდება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარ ფაქტს მიუღებლად მიიჩნევს.

“ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.

ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.