“არავის აღშფოთება არ მახსოვს მაშინ, როცა NGO-ებმა სოციალურ ქსელებში თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე უმრავლესობის დეპუტატების ფოტოები დადეს. წარწერებით 83 და შემდეგ ის ეპითეტები, რაც მოჰყვებოდა ხოლმე. ასევე, ბევრის აღშფოთება არ მახსოვს იმაზე, როცა პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა – ჰკითხეთ დეპუტატებს, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე რა სახის მუქარებს იღებდნენ და ეს დღემდე გრძელდება.

როცა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის მერე გარეთ გავიდა, გამოცემა პუბლიკას ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობა გადაუხადა. გვახსოვს, მაშინ ამაზე რა რეაქციები იყო. ნახევარ ოპოზიციას ეს უხაროდა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი რამდენიმე დღის წინ, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს სპირალია, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება შეყავს […] რაც შეეხება ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც ამ აქციების ორგანიზატორებს ხალხი შეყავს და ეს ამ სპირალის შედეგია. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია”.

განაცხადა ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბოლო დღეებში პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე გახშირებულ ფიზიკური თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.