საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ეხმიანება აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს და ამბობს, რომ ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყევი ”!
“რაც შეეხება საქართველოს, მე მჯერა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, შირაქის სამხედრო აეროპორტის აღორძინებას აქვს დიდი და პერსპექტიული პოტენციალი. შესაძლოა, გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მოიპოვოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან ახლოს განლაგებულმა ბაზამ, სადაც სამი ათასამდე ამერიკელი სამხედროს განთავსება იქნება შესაძლებელი”,- წერს სააკაშვილი.
მისივე განცხადებით, ასევე უცილებელია ანაკლიის პორტის (ლაზიკის) საკითხის გადახედვა.
“ამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარებას ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა დიდი ხელშეწყობა, თუმცა, 2020 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა, რათა ემსახუროს რუსეთის ინტერესებს რეგიონში.
ანაკლიის პორტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ელემენტს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციების გასაძლიერებლად, ასევე მთელს რეგიონში უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით”,- ვკითხულობთ ექსპრეზიდენტის განცხადებაში.