ძალიან ვწუხვარ, რომ უგულავამ დღესაც თავი ვერ შეიკავა პოლიტიკური ჩხვლეტისგან – უგულავა

ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავამ თავი ვერ შეიკავა დღესაც პოლიტიკური ჩხვლეტისგან, მაგრამ მე მას მინდა, ისევე როგორც ყველა სხვას, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა აქამდე გავლილი გზისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ახლად არჩეულმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა.

„პატივს ვცემ გიგი უგულავას არჩევანს და წარმატებას ვუსურვებ ყველაფერში, რაც „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი გუნდის ფასეულობებთან თანხვედრაში იქნება. იქამდეც ჩემთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ადამიანებს სხვა გზა აურჩევიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკეთ მოქცეულა, ზოგი ნაკლებად უკეთ, მაგრამ ამ ტიპის თავდახმებისგან ზოგს თავი შეუკავებია. ელენე ხოშტარია წავიდა, თავის გზაზე დადგა, მაგრამ ასეთი უსიამოვნო კომენტარები მისგან მე არ მომისმენია და დღეს ის არის ჩემთვის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ პარტნიორი და მე ვისურვებდი, რომ ყველა ასე იყოს,“- განაცხადა ბოკერიამ.

„იმ ნიაღვარის ფონზე, ცილისწამებისა და სიძულვილის ფონზე, რომელიც განსაკუთრებით ამ გუნდზე მოდის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისგან, მაგრამ არა მარტო მათგან, ჩვენ ასჯერ უკეთ უნდა ვიმუშავოთ დღეიდან, ვიდრე აქამდე ვმუშაობდით, რათა ეს ხედვა მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე და მაშინ, ბუნებრივია, ჩვენი მხარდაჭერა აუცილებლად გაიზრდება,“- განაცხადა ბოკერიამ.