ძალიან იმატა ბრძანების შეუსრულებლობამ პრო-რუს დანაყოფებში – 14 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 14 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს:

”სასაზღვრო ზონაში უკრაინელებსა და რუსებს შორის რამდენიმე ადგილას შეტაკება მოხდა. რუსული სამხედრო ძალებმა ბელგოროდის რაიონში საზღვრიდან რამდენიმე ათეული მეტრით უკან დაიხიეს და ერიდებიან უშუალოდ საზღვარზე განლაგებას რათა უკრაინელთა მხრიდან არ იქნენ სამიზნედ განხილული.

– ძალიან იმატა ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევებმა. მსგავსი პრეცედენტები ტენდენციადაა ქცეული უკრაინის ტერიტორიიდან მობილიზებულ პრო-რუს დანაყოფებში. ლუგანსკის რაიონში გაქცეულმა ხარკივევლმა პრო-რუსმა ნაწილებმა უარი განაცხადეს კვლავ საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნებაზე ან ახალი სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბებაზე. საბოლოო ჯამში კი ეს მთელი – სეპარატისტებისა თუ რუსული რეგულარული არმიის – სამხედრო ძალების მორალზე ძალიან ცუდად აისახება.

– ქალაქ ლიმანზე უკრაინელთა შეტევა გრძელდება. რეალურად, უკრაინელებისათვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მდინარე ჩრდილოეთის დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე შექმნან ძალიან ძლიერი შემტევი პლაცდარმი, რომელიც სარკინიგზო ცენტრში, ლიმანში იქნება ბაზირებული და იქიდან გზა გაიხსნება მთელს ლუგანსკის რაიონზე.

– ხარკივის რაიონში ტყეებში კვლავ იმალებიან რუსული ძალიან პატარა ზომის დანაყოფები – ათეულების დონეზე. მათი გამოაშკარავება და დაკავება ახლაც გრძელდება. აბსოლუტური უმრავლესობა კი თავად ყრის იარაღს.

– გაურკვეველია რუსული სტრატეგია ბახმუტთან და ავდიივკასთან მიმართებით. ორივე ქალაქს რუსეთი ასობით საკუთარ სამხედროს აწყვეტს ისე, რომ ვერანაირ ხელშესახებ გარღვევას ვერ ახერხებს. ხარკივის რაიონში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთი აღარ აწარმოებდა შეტევითი ოპერაციების განხორციელებას და დროებით მაინც შეეცდებოდა ყრუ დაცვაში ჩადგომას, მაგრამ არაფერი იცვლება რუსულ სტრატეგიაში – ისინი ისევ იმავე ქალაქების აღებას ცდილობენ, რომელზე დარტყმის მოლოდინიც უკრაინელებს აქვთ და შესაბამისად, კარგად ამაგრებენ მათ, შემდეგ კი სუსტი წერტილის აღმოჩენისთანავე გადადიან კონტრშეტევაზე.

– უკრაინელებმა ნოვა კახოვკას ხიდი დღეს კიდევ ერთხელ დაბომბეს. რუსებმა მისი შეკეთება დააპირეს და უკრაინულმა პასუხმაც არ დააყოვნა. ხიდის მთლიანი კონსტრუქცია აღარ არსებობს – მასზე ქვეითებიც კი ვეღარ გადადიან.

– რუსებმა დნიპროპეტროვსკის რაიონში კრივიი რიგის (კრივოი როგი) ტერიტორია დაბომბეს და ცდილობენ მდინარე ინჰულეცის ჰესი გაანადგურონ, რის შედეგადაც მდინარეზე გადებული ხიდები დაიტბორება და უკრაინელები მეორე მხარეს ანდიივკას პლაცდარმში (ხერსონი) გადასვლას ვეღარ შეძლებენ. რეალურად, მდინარის დონემ მართლაც მოიმატა, მაგრამ უკრაინელების მხრიდან მდინარის მეორე მხარეს გადასვლას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.

– ხერსონის რაიონში, ქალაქ ხერსონთან კასილევკას და მისი შემოგარენის გაწმენდა ფინალურ ეტაპზეა. შემოგარენისა და ფლანგების გაწმენდის შემთხვევაში უკრაინელები ხერსონიდან 15-13 კილომეტრის დაშორებითღა იქნებიან”. – აცხადებს გიორგი კობერიძე.