ძალით თუ უნდათ, ჩაგვრიონ, ჩვენც ჩავერევით – მეუფე იაკობი მოლაპარაკებებზე

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთავაზობს, საკითხები ეკლესიაში განიხილონ.

„რომ ვერ აკეთებენ ქვეყნის საქმეს, იმიტომ მივმართავთ ისევ, რომ ეკლესიას შეგვიძლია ბევრი საკითხი გავიაროთ. რასაც ჩვენ გვაგინებენ და ხელს გვიშლიან ეკლესიას ამდენი წელია, საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია წავადგეთ. პირიქით, ერიც გაერთიანდება. აუცილებელია შერიგება! მე ჩემი საქართველო მაინტერესებს და მიყვარს. ვიცი, რომ მათაც უყვართ, მაგრამ სკამისთვის ბრძოლა გონებას უბინდავთ. მოიქეცით ისე, რომ ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ“,- თქვა მეუფე იაკობმა.

მისივე განცხადებით, თუ მხარეებს უნდათ “ძალით ჩარიონ”, ეკლესია ჩაერევა.

„ეკლესიას ხომ არ გვაქვს პარტია, ერთი მხარეც ჩვენია და მეორეც. დღეს ვერ ვიზიარებ ვერცერთის პოზიციას, მაგრამ რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. ასეც არ შეიძლება, საქართველოს დანგრევას არ ვაპატიებთ. ძალით თუ უნდათ ჩაგვრიონ, ჩვენც ჩავერევით. მასე არ არის, თვითონაც ხომ ხედავენ. არავის ვემუქრებით. ძალა სადაც ღმერთი და ჩვენი დედა ეკლესიაა, იქ არის“, -თქვა მეუფე იაკობმა.