ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია, ამას რეაქცია მოყვება – გახარია სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია და ამას შესაბამისი რეაქცია მოყვება საქართველოს მხრიდან.

„უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ შეცვლის ვერაფერი, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმების თრევა და პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.

ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ,” – განაცხადა გახარიამ.

გუშინ ,,ქართული ოცნების” წევრმა, რატი იოანათამიშვილმა თქვა, რომ თუ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნება, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვას არ გამორიცხავს. 

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, რაც მისთვის დიდი პატივია და თანახმაა.

,,პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.