წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ჩხრეკვისას 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილიასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს”,– აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.