თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი აღმოჩნდა.
“ბაჩალიაშვილის ცხედარის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული”, – წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.
დასკვნაში ასევე წერია, რომ აღმოჩნდა ანთების საწინააღმდეგო წამლების კვალიც, თუმცა უცნობია, თამარ ბაჩალიაშვილს მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური/ალკოჰოლური ნივთიერებები. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, აღებულია შესაბამისი სინჯები და პასუხი საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
“წერია სხვადასხვა აბები, მაგრამ არ არის მითითებული [რამდენი], მანდ არ არის ნარკოტიკები, მანდ არ არის ფსიქოტროპული, მანდ არ არის ფსიქოაქტიური… არის ანთების საწინააღმდეგო გარკვეული აბები, რომელსაც შეიძლება ადამიანი იღებდეს ყოველდღე. ეს გადამოწმდება, გადაეგზავნება შესაბამის სპეციალისტებს, სხვადასხვა ქვეყნის ტოქსიკოლოგებს და დაველოდებით საბოლოო დასკვნას” – ამბობს ადვოკატი.
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის ადგილას, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ისე ჰაერის ტემპერატურა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.