წარმატებით გამოვცადეთ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა – რუსეთი (ვიდეო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა “САРМАТ”.

“გაშვების ამოცანები სრულად შესრულებულია. მახასიათებლები დადასტურდა ფრენის ყველა ეტაპზე. საწვრთნელი ქობინი ჩამოვიდა “კურას” პოლიგონზე, კამჩატკას ნახევარკუნძულზე”,– აცხადებს უწყება რუსული მედიის ცნობით.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არის სახელმწიფო ტესტირების პროგრამის ფარგლებში პირველი გაშვება. მათივე ცნობით, რაკეტის სატესტო ფრენამ რუსეთს საშუალება მისცა, შეეფასებინა მისი შექმნისას გამოყენებული ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორე.

რაკეტის გაშვებას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი და რუს ხალხს მისი წარმატებით გაშვება მიულოცა.

“ეს არის დიდი, მნიშვნელოვანი მოვლენა რუსული არმიისთვის პერსპექტიული იარაღის სისტემების შემუშავებაში. ახალ კომპლექსს აქვს უმაღლესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და შეუძლია დაძლიოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა თანამედროვე საშუალება. მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს და არც დიდხანს ეყოლება, – განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ მან აღნიშნა, რომ “სარმატის” სარაკეტო სისტემა უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას და დააფიქრებს მათ, ვინც რუსეთს ემუქრება.