წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა, მზად ვართ, დავკორტნოთ – ელისაშვილი ბასილაშვილზე

მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვების გამო მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ვერ დაიჯერებს მის მოძალადოებას.

“დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელს მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველამ განსაკუთრებული ჟინით და შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.

ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც უჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდევაც, რომ მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებულები ვიყავით”,– თქვა ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ცნობისთვის, 13 მარტს ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირზე გაიმარჯვა.