საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდა მიეწოდება, ან საჯაროდ უარყონ ბრალდება.
“კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ”,– თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მისივე აზრით, უკრაინის ბრალდებების უკან ნაციონალური მოძრაობა და უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წევრები დგანან.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, ქართულმა სპეცსამსახურებმა კი მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩაერივნენ ამ საკითხში.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება დაუსაბუთებელს უწოდებს.