არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის ინტერვიუმ წარმოაჩინა სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლოვანი მხარე.
მისი თქმით, მოსამართლე, რომელიც საქმეს იხილავს, არ უნდა “გამოდიოდეს კომუნიკაციის საზოგადოებასთან”.
ჯანეზაშვილის აზრით, ორკოდაშვილს ინტერვიუს მიცემა მოუწია, რადგან მან განიცადა მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, სასამართლო სისტემაში კი არ მოიძებნა ავტორიტეტული ფიგურა, ვინც მას დაიცავდა.
“აქ არის რამდენიმე პრობლემა. პირველი ის, რომ არ მუშაობს სისტემა. არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ორგანო, რადგან კონსტიტუციის ის არის უწყება, რომელსაც უნდა გაეკეთებინა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვინმეს გინახავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პრესკონფერენცია? ანგარიში, ან რაიმე თემაზე ანგარიშვალდებულების კუთხით, ინფორმაცია მიუწოდებია საზოგადოებისთვის? არა, იმიტომ რომ რაც დანიშნულია, ფორმალური საკითხებით შემოიფარგლება, რაც აზიანებს სისტემას”,– ამბობს ის TV პირველის ეთერში.
მისივე განმარტებით, საბჭოს ჰყავს ასევე სპიკერი მოსამართლე, რომელსაც ამ დროს მედიასთან კითხვებს უნდა პასუხობდეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოსამართლემ, ლია ორკოდაშვილმა TV პირველს ინტერვიუ მისცა და მრავალ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ექსპრეზიდენტზე. მისი თქმით, სახელისუფლებო მედიებმა ის ოპოზიციასთან აფილაციაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მოსამართლემ განაცხადა, რომ მძიმე სანახავი იყო სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრები.
მანვე ყურადღება გაამახვილა მოსამართლეების მიერ ექსპრეზიდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების მოხსნაზე და განმარტა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ის ციხეს მაშინვე დატოვებს.