თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავალზე მთავარი ნაძვის ხე აანთო. მან თბილისის მცხოვრებლებს ბოდიში მოუხადა, რომ ახლა იქ არ არიან. კალაძის თქმით, კორონავირუსს ომს უცხადებს და ვირუსმა უნდა იცოდეს, რომ არ გვეშინია და არ დავნებდებით.
“პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, რომ ერთადერთხელ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ეს ნაძვის ხის ანთების რიტუალი არის არამარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო”, — განაცხადა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ წელს თბილისის სოლიდარობის ქალაქად აცხადებს.
“ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, აი, ზესტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და COVID-19-ს. სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია”,– ამბობს კალაძე.